ქართული ოცნების ყრილობის პარალელურად გამართულ საპროტესტო აქციაზე 9 აქტივისტი დააკავეს.
მათ წვრილმან ხულიგნობას (ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 116-ე მუხლი) და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას (173-ე მუხლი) ედავებიან.
აქტივისტები მაშინ დააკავეს, როცა შლიდნენ პლაკატს წარწერით "არჩევნები მოპარულია". პოლიციამ მათ ამის გაკეთების საშუალება არ მისცა.
დაკავებულთა შორის არის ილიას უნივერსიტეტის ლექტორი, საზოგადოება 2020-ის დამფუძნებელი გიორგი მუმლაძე. თუმცა, ის შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობაში არ გადაუყვანიათ.
აქტივისტ გიორგი ნონიაშვილის თქმით, მუმლაძე, სავარაუდოდ, პოლიციის წერეთლის გამზირზე მდებარე განყოფილებაშია გადაყვანილი. როგორც მან ფორმულას უთხრა, პოლიციელებისგან გაიგო, რომ მუმლაძე შესაძლოა ნაცემიც იყოს. ის ინფორმაციას ამოწმებს.
დაკავებულები შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობაში გადაიყვანეს.
სხვა აქტივისტებმა ექსპო ჯორჯიადან, სადაც ქართული ოცნების ყრილობა მიმდინარეობდა, სწორედ აქ გადმოინაცვლეს.